გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 4 მარტი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საომარი მოქმედებების გამო ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

თბილისის მერმა რეგიონს მშვიდობა უსურვა და საქართველოს მთავრობას, რომლის გადაწყვეტილებითაც, ქვეყნის მოქალაქეები დუბაიდან და აბუ დაბიდან სპეცრეისით დაბრუნდნენ, მადლობა გადაუხადა.

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში.

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჩარტერული რეისები დააორგანიზა. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან გამოფრინდებიან. მე გუშინაც ვისაუბრე ჩემს ვიდეო ჩართვაში და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც შეძლეს საქართველოს 122 მოქალაქის უსასყიდლოდ გამომგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით, მათ მიერ დაქირავებული კომერციული რეისით.

„ორი დღეა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, უამრავი სიცრუე, ცილისწამება ვრცელდება. ყველაფერს კადრულობენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. მადლობას გადავუხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მხარეებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე, ყველა ჩვენს მოქალაქეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, თოვლის სახით მოსულ უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა.

„თოვლი ჩვენი ქალაქისთვის უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებული ვხვდებით. ველოდით უხვ ნალექს და გვქონდა სრული მზადყოფნა. მომზადების მიუხედავად, ჩვენს მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეექმნა. ქალაქში დაფიქსირდა ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძების წაქცევის უამრავი ფაქტი. მათ შორის, ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციას და იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეულ ეგზემპლარებს. ასევე, არაერთ მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი და მიწის მასა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაფიქსირდა გადაადგილების პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს და მთავრობის წევრებს.

„გზების ინტენსიურად წმენდის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს და მათ წარმომადგენლებს მოუწიათ, პროცესში 24-საათიანი ჩართვა, რათა არსებული გამოწვევები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებულიყო. ჩვენი რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და პროვაიდერი კომპანიები, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დღემდე აქტიურად არის ჩართული უამინდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში. თითოეულ მათგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ვინც კურირებდა აღნიშნულ მიმართულებას, გამგებლებს, მთავრობის წევრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შექმნილი პრობლემების მყისიერად მოგვარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ოპერატიულად ეხმარებოდნენ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ პრობლემური საგზაო მონაკვეთის შესახებ. არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე. ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად, არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა მათი არცერთი გასაჭირი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი და ეტაპობრივად, ყველა დაზარალებულს მივხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება.

კახა კალაძის თქმით, გეოლოგიური შეფასებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია.

„ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის დაცვისა და შესაძლო სტიქიური რისკების პრევენციის მიზნით, დედაქალაქში უკვე არაერთი სამუშაო განვახორციელეთ სხვადასხვა მისამართზე.   ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწის ჩამოშლით გამოწვეული საფრთხეები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ტერასულად მოეწყობა 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც გრუნტის გამაგრებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მართვის მიზნით, დაგეგმილია სადრენაჟე ქსელისა და რკინაბეტონის კიუვეტის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მეწყრული პროცესების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორს.

„სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ხუთი თვის ვადაში განახორციელებს. ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გარკვეულ რაიონებში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შევდივართ, რათა არსებული ფერდები გავამაგროთ და დაცული იყოს უსაფრთხოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერმა ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამების მიმდინარეობასა და მათ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.

მისივე ინფორმაციით, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს.

„თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.

მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო, ხოლო 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი, 106 წლის ორი ქალი იყო.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი