გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 11 თებერვალი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა გააცნო.

მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ.

„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა, დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია; გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე; აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც იმავე პირობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.

„ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა ცხადია ვერ მოხდება, მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება (სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება); ავტოფარეხი/ავტოსადგომი (ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს ვიღებთ და მათ ადგილას ვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეებს); სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად (თუ სხვენი ან ტერასა, კეთილმოწყობილი იქნება და გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, მაგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფართებსაც გამოვისყიდით)“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.

„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქგეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და ყველა ვხედავთ, თუ როგორი გალამაზებული, განახლებულია ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი და სხვა ისტორიული არეალები; შევქმენით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს. მთავარია ამ ავარიული სახლის 100% მესაკუთრეთა თანხმობა; ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედადქალაქის მერმა განაცხადა, რომ გარდა ახალი პროგრამისა, გარკვეული ცვლილებები შედის ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

„ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილდღეობასა და საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რომ არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენს გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით.

არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება. არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს, თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, გარემონტებილი ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.        

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქში აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია.

კახა კალაძის განცხადებით, მოსასვენებელი სივრცე ამჯერად გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

„დედაქალაქში აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია. გლდანის რაიონის გამგეობა მოსასვენებელ სივრცეს ამჯერად მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოაწყობს. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სავარჯიშო სივრცე და სასერნო ბილიკები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქით, აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე დაიხარჯება.

კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის წინ. სამუშაოები 8 280 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

„პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე არსებული საფეხბურთო მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება. სკვერი აღიჭურვება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე, ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს.

„არეალების დაკავშირებით საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა. ზოგადად სასიამოვნოა ასეთი სივრცეების არსებობა, რაც ქალაქს ძალიან უხდება და სჭირდება. მიხარია, რომ ჩვენ არამხოლოდ რაიონების, არამედ უბნების დონეზე შევდივართ და მსგავსი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურს „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კონკურსის შვიდწლიანი არსებობის განმავლობაში 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.

„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსის ფარგლებში, მისი არსებობის შვიდი წლის განმავლობაში, 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, ქართულ ზღაპრებზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო, პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები და სხვა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, დღეიდან 6 მარტის ჩათვლით, განაცხადები მიიღება ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება.

განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.  
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი